ირაკლის ამბავი

ირაკლი მაღლაფერიძე

ჩემთვის უანგარო დონაცია უმაღლესი ქველმოქმედებაა!

ეს ჩვეულებრივი პროცესი და მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რადგან იმ დროს როცა ყოველდღიურად უბედური შემთხვევები ხდება არავინ არის დაზღვეული, დადგეს სისხლის გადასხმის აუცილებლობის წინაშე.

2010 წლიდან ,,როტარი კლუბ–თბილისი საერთაშორისოში’’  ვარ გაწევრინებული, რომელიც წითელი ჯვრის შემდეგ  ერთ–ერთი დიდი სოციალური ორგანიზაციაა. კლუბის ძირითადი ფუნქცია სხვადასხვა ქვეყნებისა და სხვადასხვა პროფესიის ხალხებს შორის კონტაქტების გაცვლა და სოციალური პროექტების, ქველმოქმედების კეთებაა, რაც კლუბებს და კლუბის წევრებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში ეხმარება. ქველმოქმედება და გაცემა ჩემთვის უცხო არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ გასცემ მატერიალურ ფასეულობებს ან ფინანსებს. მაშინ, როდესაც გასცემ იმას, რაც ღმერთმა გიბოძა და შენი ნაწილია. ჩემი აზრით, ამაზე დიდი ქველმოქმედება არ არსებობს. ყოველი დონაციის მერე, როდესაც ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის უცხო ადამიანებს სიცოცხლისათვის ბრძოლაში ვეხმარები, უდიდესი კმაყოფილების გრძნობა მეუფლება. ხშირად იცი კიდეც ვის ეხმარები. ერთ ჩაბარებაზე 7 თვის ბავშვი იბრძოდა სიცოცხლისათვის, რომ არა ჩემს მიერ გაღებული სისხლი არავინ იცის ეს ბრძოლა როგორ დასრულდებოდა.

ორი  წლის წინ, როტარი კლუბში ამერიკელი როტარიანელი  გვესტუმრა, რომელიც ჯოენის კლინიკის სისხლის ბანკს ეხმარებოდა. სწორედ მან მიგვითითა იმის შესახებ, რომ ქველმოქმედება მარტო გაჭირვებულების ან უპატრონო ბავშვების დახმარებაში არ  გამოიხატება. მეორე დღესვე ჩავაბარე სისხლი და ამის შემდეგ რეგულარულად ვაბარებ.

უნდა აღვნიშნო, რომ სისხლის ჩაბარებით ორგანიზმს არანაირად არ ვნებთ - პირიქით, განახლებული სისხლი უკეთესია.