ანას ამბავი

ანა ჯაში

უანგარო დონაცია ჩემთვის ადამიანების დახმარებას ნიშნავს. ზოგს  მატერიალური დახმარების გაწევა შეუძლია, ზოგს მორალურის და მე ადამიანებს ჯანმრთელობაში ვეხმარები. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს გაუჩნდებოდა ანალოგიურის გაკეთების სურვილი, რეალურად რომ აცნობიერებდნენ რამხელა სიკეთეს ჩადიხარ, როდესაც შენი ნაწილით, შენი სისხლით ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებ.

 

 

დონორობა  ბედნიერებასთან და სიამაყესთან არის დაკავშირებული. მეექვსე წელია უანგარო დონორი ვარ. პირველად დონაციის და კამპანიის "გაიღესისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" შესახებ ექვსი წლის წინ გავიგე.

მაშინ, როდესაც ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და სისხლს ვერ ვშოულობდით, რომ მისთვის სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა. სწორედ ჩემნაირი უანგარო დონორების დახმარებით ეს ადამიანი გადარჩა. იმდენად დიდი სტრესი მივიღე ამ სიტუაციის დროს, რომ ძალიან დავითრგუნე და გადავწყვიტე მე თვითონ გავმხდარიყავი დონორი. მივედი კლინიკაში, რომ ჩემი სისხლის ჯგუფი და რეზუსი გამეგო. როდესაც ანალიზი ამიღეს არასოდეს დამავიწყდება ექიმის გაოგნებული გამომეტყველება და სიტყვები- "ვაიმე მეოთხე დადებითი ხარო". უცბად მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ან ძალიან კარგი მჭირდა. შემდეგ ექიმმა განმიმარტა, რომ ძალიან იშვიათი ჯგუფის სისხლი მქონია. მაშინვე შევთავაზე ექიმს, რომ გავხდებოდი დონორი და ნებისმიერ დროს როცა არ უნდა დაჭირვებოდა და ვისაც არ უნდა დაჭირვებოდა სისხლს გადავუსხამდი, მაგრამ არ მეგონა, რომ დამირეკავდნენ. ერთ დღესაც ჯოენის გულის კლინიკიდან დამირეკეს და სისხლის გაღება მთხოვეს. გავიგე, რომ 6 თვის გოგონას სასწრაფო გულის ოპერაცია ესაჭიროებოდა.

ეს იყო შოკი! იმდენად არასერიოზულად ვუდგებოდი ამ ამბავს, რომ არც კი მეგონა დამირეკავდნენ და უცბად პატარა ანგელოზის მფარველი გავხდი.

ყოველი სისხლის ჩაბარების შემდეგ იმხელა სიკეთით ვივსები, რომ მინდა ყველას გავუზიარო და გავუყო. ბოლოს სისხლი მაისის თვის დასაწყისში ჩავაბარე და ეს ჩემი მეთოთხმეტე ჩაბარება იყო. და ბოლოს, პატარა მიმართვასავით ან მოწოდებასავით მინდა გავაკეთო, ჩემი მეგობრები ჩავრთე ამ სიკეთის კეთებაში და ძალიან მინდა, რომ ყველა ასე მოიქცეს.

გავხდეთ ერთმანეთისთვის მაგალითები, გავიღოთ სისხლი და გადავარჩინოთ სიცოცხლე!