უსაფრთხო სისხლი ყველასთვის

ჯანმრთელობა ადამიანის უფლებაა. უსაფრთხო სისხლი, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის. მთელს მსოფლიოში სისხლის უანგარო დონორთა მობილიზებაა საჭიროა, რაც უსაფრთხო სისხლის მარაგის არსებობას უზრუნველყოფს.
ყოველი წლის 14 ივნისს მსოფლიო სისხლის უანგარო დონორთა დღეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, ჩვენი ქვეყანაც უერთდება სხვებს. ეს დღე, უპირველესყოვლისა სისხლის დონორთა მიმართ მადლიერების გამოხატვას ემსახურება. ასევე, ხაზს უსვამს რეგულარული უანგარო დონაციის მნიშვნელობას.
სისხლის უანგარო დონაციის წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი სისხლის მარაგი და მისი უსაფრთხოებაა. კამპანიის მთავარი თემა უსაფრთხო სისხლის მარაგზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, როგორც ქვეყანაში მოქმედი ეფექტური საყოველთაო ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. „უსაფრთხო სისხლი ყველასთვის“ აღნიშნული სლოგანი ხაზს უსვამს უსაფრთხო სისხლის მარაგის მნიშვნელობას და უანგარო, რეგულარული დონორების მუდმივი ჩართულობის გადამწყვეტ როლს.
წლევანდელი კამპანია მოუწოდებს ქვეყნებს მაქსიმალურად მოახდინონ რესურსების მობილიზება იმისათვის, რომ უზრუნველყონ დონორები ადეკვატური და ხარისხიანი სერვისებით.დონორთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მათი მუდმივი წახალისება. რეგულარული, უანგარო დონაცია ხარისხის, უსაფრთხოების, სისხლის მუდმივი ხელმისაწვდომობის გარანტი და ამასთანავე საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური სისტემის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი კომპონენტია.