ჩვენი გვერდის მეშვეობით, უკვე, არაერთხელ შეგახსენეთ თუ ვის შეიძლება დასჭირდეს სისხლი, ესენი არიან:
✔️ მძიმე ანემიით დაავადებული ბავშვები და მოზრდილები;
✔️ სიმსივნით დაავადებული პაციენტები, მათ შორის ბავშვები;
✔️ დაწესებულებები კომპლექსური სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევებისას;
✔️ დედები, ორსულობისა და მშობიარობის გართულების დროს;
✔️ პაციენტები, რომელთაც აქვთ სისხლის სხვადასხვა დაავადებები (დიდი თალასემია, ჰემოფილია, და სხვა).
და ბოლოს, სისხლი ასევე შეიძლება დასჭირდეთ ადამიანებს ავტოკატასტროფებისა, თუ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად მიღებული მძიმე ტრავმებისას. ასეთ დროს სისხლის უანგარო დონორის დროულ გამოჩენაზეა ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული. იმისათვის, რომ სწრაფად მოახდინო სისხლის საჭიროებაზე რეაგირება, აუცილებელია იცოდეთ სისხლის რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით.
არსებობს 4 ჯგუფის სისხლი: I (O), II (A), III (B), IV (AB). გარდა ამისა, სისხლი იყოფა რეზუს უარყოფითად (Rh-) და რეზუსდადებითად (Rh+). გადასასხმელად იყენებენ თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლს, თუმცა, კრიტიკულ სიტუაციებში, განსაკუთრებით – ახალშობილებთან, როცა სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა რთულია, შესაძლებელია პაციენტს პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლიც გადაესხას. ის უნივერსალურ დონორად მიიჩნევა.
მსოფლიოს მოსახლეობის 38% - ს I (O) ჯგუფის რეზუსდადებითი სისხლი აქვს. მართალია, ის ყველაზე მეტადაა გავრცელებული, მაგრამ მოხმარების მაღალი მაჩვენებლის გამო ხშირად სწორედ მისი დეფიციტი იქმნება სისხლის ბანკებში. ყველაზე იშვიათია IV ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი.
გახსოვდეს, შენს ჯანმრთელობაზე სრული ინფორმაციის ქონით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია.