დონორები

ბექა გოგინაშვილი

20 წლის
“მეოთხე ჯგუფის სისიხლი მაქვს და ვიფიქრე, რადგან დეფიციტურია ჩემს მცირე წვლილს შევიტანდი კეთილ საქმეში".

“მეოთხე ჯგუფის სისიხლი მაქვს და ვიფიქრე, რადგან დეფიციტურია ჩემს მცირე წვლილს შევიტანდი კეთილ საქმეში. ჩემი მოტივაცია წმინდა წყლის ალტრუიზმია. უკვე ორჯერ გავიღე სისხლი უანგაროდ და მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. თავიდან, სანამ არ ვიცოდი რა იყო სისხლის დონაცია, მეგონა რომ დავსუსტდებოდი და მთელი დღე თავბრუს ხვევა მექნებოდა მაგრამ ჩემი მდგომარეობა სისხლის უანგაროდ გაღების შემდეგ, ჩევულებრივისგან არაფრით განსხვავდებოდა. ვფიქრობ ამ მცირედით თუ შეგიძლია ერთ ადამიანს მაინც დაეხმარო ამაში ფულის აღება ამორალურია. მათ, ვისაც ჯერ არ გაუღია სისხლი ვეტყვი,რომ კათეტერის ჩადგმა უმტკივნეულოა ,უანგარო დონორობა სასიამოვნო, შოკოლადი კი, რომელსაც სისხლის გაღების შედემეგ გასაჩუქრებენ, ძალიან გემრიელი.”

ვალერი ჩიტაძე

32 წლის
"სისხლი, უკვე, 9-ჯერ გავიღე და არ ვაპირებ შეწყვეტას. თან, მეც მეტი მოტივაცია მაქვს ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე"

ვალერი სკოლის მანდატურია. ჭიათურის #1 საჯარო სკოლაში მუშაობს. ის, სისხლის უანგარო დონორია. სისხლი, უკვე, 9-ჯერ გაიღო და აპირებს სიკეთის უანგაროდ კეთება გააგრძელოს. „მანდატურის სამსახურში მუშაობა, 2015 წელს დავიწყე. ძალიან მოტივირებული ვიყავი, მინდოდა მეტი სასარგებლო საქმე გამეკეთებინა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. იმ პერიოდში, ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი სისხლის დონაციაზე. მანამდე არც მიფიქრია ამ თემაზე. მოვიძიე სისხლის ბანკებზე ინფორმაცია და წავედი თბილისში. სისხლი, უკვე, 9-ჯერ გავიღე და არ ვაპირებ შეწყვეტას. თან, მეც მეტი მოტივაცია მაქვს ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე.“- გვიყვება ვალერი ჭიტაძე. აღსანიშნავია, რომ ვალერი ჭიტაძე, სკოლაში მანდატურად მუშაობას, სოფლის მეურნეობაზე მუშაობას უთავსებს - ბიოპროდუქტები მოჰყავს. ცნობილია, რომ ერთი დონორის სისხლი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ უანგარო დონორს შეუძლია, სისხლის ერთხელ გაღებით გადაარჩინოს, მინიმუმ, სამი ადამიანის სიცოცხლე. შესაბამისად, ვალერის ქმედება, ადამიანური სოლიდარობის გმირული აქტია!

მარიამ ბარაბაძე

22 წლის
"„სისხლის უანგარო დონორი უკვე მეოთხედ ვარ. პირველი ორი დონაციით, ვიცი ვინც გადავარჩინე და ამ ფაქტმა საოცარი მოტივაცია მომცა"

„სისხლის უანგარო დონორი უკვე მეოთხედ ვარ. პირველი ორი დონაციით, ვიცი ვინც გადავარჩინე და ამ ფაქტმა საოცარი მოტივაცია მომცა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთია გზაა სხვას დაეხმარო და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შეუნარჩუნო, ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით ვხდები დონორი. ახლაც და მაშინაც ყველაფერმა კარგად და მარტივად ჩაიარა. ჩემი პირველი დონაცია ზუსტად 4 წლის წინ იყო. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწობს სისხლი უანგაროდ უნდა გაიღოს. როდესაც ასეთი შანსი გაქვს, რომ ასე მცირე დროში შეგიძლია სხვას სიცოცხლე გადაურჩინო, ამაზე უარი არავინ უნდა თქვას."

ნინო ბუაძე

34 წლის
"ვფიქრობ, რომ ბედნიერება ჯანმრთელობაა და ამისათვის აუცილებელია რომ მოქალაქეები ერთად დავდგეთ დავეხმაროთ ერთმანეთს და გავიღოთ სისხლი"

“პირველად მომეცა სისხლის გაღების შესაძლებლობა და ძალიან ბედნიერი ვარ! მუდმივად მინოდა,რომ მოქალაქეობრივი ვალი მომეხადა და რაღაც პატარა წვლილი შემეტანა კეთილ საქმეში. ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლის დონაციის პროცედურა საკმაოდ მოწესრიგებულია. თუ ადამიანი რისკის ქვეშაა და უსაფრთხოება გარანტირებული არაა, მერწმუნეთ, მას არავინ მისცემს საშალებას, რომ სისხლი ჩააბაროს. სანამ სისხლის დონორი გავხდებოდი, ძალიან მკაცრი წინა პროცესი გავიარე. იყო ინტერვიუ, სადაც მკითხეს ყველა რისკის შემცველი ფაქტორები, მაგალითად: როდის ვიყავი ბოლოს სალონში, ბოლო 3 თვის განმავლობაში ვიყავი თუ არა სტომატოლგთან, გაკეთებული მაქვს თუ არა ოპერაციები და ა.შ. მე ვიქრობ, რომ უსაფრთხოების მხრივ ყველა პროცედურა დაცულია. ჩვენს ქვეყანაში, სამოქალაქო აზროვნება არც თუ ისე მაღალ დონეზეა. სისხლის უანგარო დონაცია ადამიანის მოქალქეორბივი ვალია. უანგარო დონაციის მაღალი რიცხვი კი ქვეყნის განვითარების მაჩვენებელია. სისხლის უანგარო დონაცია სამოქალაქო აზროვნების კულტურაა, რომელიც სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად ყალიბდება. რასაც ვუყურებ ახლა, ძალიან დიდი ძვრებია საქართველოში და ვფიქრობ, რომ მოვამლში საკმაოდ აიწევს უანგარო დონორთა რიცხვი. ყველამ უნდა გავიაზროთ ერთი რამ, მინიმალური რაოდენობის სისხლიც კი ძალიან დიდ საქამეს აკეთებს. პაციენტის უსიცოცხლო თვალებს სიცოცხლეს ჩუქნის! სისხლს გადასხმის მომენტი საოცარი იყო, როდესაც გავიგე, რომ ჩემი სისხლით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებოდი. მე მოვუწოდებ ყველა დედას და მშობელს, იმისთვის,რომ თავიანთი შვილები ბედნიერები იყვნენ, ირგვლივაც ბედნიერება უნდა სუფევდეს. ვფიქრობ, რომ ბედნიერება ჯანმრთელობაა და ამისათვის აუცილებელია, რომ მოქალაქეები ერთად დავდგეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს და გავიღოთ სისხლი უანგაროდ.”

ლევან ტაკიძე

19 წლის
"ჩემი მოტივაცია უბრალოდ ის იყო, რომ ის 100 გრამი სისხლიც კი, რაც ჩემს სისხლძარღვებში ჩქეფს შეიძლება ვინმესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს"

"ჩემი მოტივაცია უბრალოდ ის იყო, რომ ის 100 გრამი სისხლიც კი, რაც ჩემს სისხლძარღვებში ჩქეფს შეიძლება ვინმესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. სისხლი უანგაროდ უკვე ორჯერ გავიღე. მახსოვს, პირველ დონაციაზე ძალიან ვნერვიულობდი. ვფიქრობდი პირველი დონაციაა, არ ვიცი რა როგორ ხდება, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდით რიგში ბევრად გამხდარი გოგონები, ნაცნობები და ახლო მეგობრები დავინახე, ვიფიქრე აქ უკან დახევა უკვე არ შეიძლება - მეთქი. როდესაც უკვე ანალიზის ჩაბარებისა და ანკეტის შევსების ეტაპზე გადავედი, მივხვდი,რომ ძალიან არ მინდოდა ექიმებს რაიმე ელემენტარულის გამო ჩემთვის უარი ეთქვათ, მაგრამ საბედნიეროდ ყველა ეტაპი წარმატებით გავიარე. ვისაც არ გაუღია სისხლი, მინდა, ვურჩიო, რომ აუცილებლად, ცხოვრებაში ერთხელ მაინც სცადონ. ეს მათ სულიერ კმაყოფილების გრძნობას დაუტოვებს და ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დონაციას აღარ დასჯერდებიან. ყველაფერთან ერთად, სისხლის დონაცია ორგანიზმისთვისაც კარგია, რადგან ამით ჩვენს სხეულს ჰემოპოეზის გაძლიერების სტიმულაციას ვაძლევთ."

ანდრია ქართველიშვილი

27 წლის
„მოვუწოდებ სხვებს, რომ არც კი დაფიქრდნენ და დაუდგნენ გვერდში მათ, ვისაც ეს ასე სჭირდებათ. არავინ იცის, ვის როდის დასჭირდება სხვისი დახმარება".

სისხლი, პირველად, მეგობრის შვილისთვის გაიღო. შემდეგ, რამდენჯერმე შესთავაზეს, კვლავ გაეღო სისხლი და მასაც უარი არ უთქვამს. ასე გახდა უანგარო დონორი. „თავიდან, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, ნაწილობრივ შიში და ნაწილობრივ - დისკომფორტი მქონდა დონაციის მიმართ. ეს იყო ფიქრი, უბრალოდ იმაზე, რომ ჩემი ნაწილი უნდა გამეღო (ვიცი, ეგოისტურად ჟღერს...). შემდეგ, დავფიქრდი, რომ ასე შემეძლო ადამიანებს დავხმარებოდი და მათი სიცოცხლე გადამერჩინა. არ აქვს მნიშვნელობა ვის ეხმარები, მნიშვნელოვანია ის, რომ შენი ქმედებით, რაღაც პატარა დახმარებას გაუწევ ადამიანებს” - გვიყვება ანდრია. ანდრია, 2014 წლიდან, რეგულარულად აბარებს სისხლს. მან, უკვე, 18-ჯერ გაიღო სისხლი უანგაროდ. აპირებს, მანამ გააგრძელოს სიკეთის უანგაროდ კეთება, ვიდრე, ამაში ხელს ჯანმრთელობა შეუწყობს. „მოვუწოდებ სხვებს, რომ არც კი დაფიქრდნენ და დაუდგნენ გვერდში მათ, ვისაც ეს ასე სჭირდებათ. არავინ იცის, ვის როდის დასჭირდება სხვისი დახმარება. ეს მინიმალურია, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისი სიცოცხლისთვისაც, ერთი წვეთი სისხლი, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს!”- აღნიშნავს ანდრია ქართველიშვილი.